დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ქეთევან სოხაძე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ბავშვის უფლებების დეპარტამენტი 2001 წლიდან ფუნქციონირებს.
დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“ და საქართველოს მოქმედი სხვა კანონმდებლობით. დეპარტამენტის საქმიანობას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპები.
დეპარტამენტის მიზანია, ბავშვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე ბავშვთა საკეთილდღეოდ კანონებსა და პროცედურულ საკითხებში ცვლილებების სტიმულირება და ბავშვის უფლებების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
დეპარტამენტის ამოცანებია:
- გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის, ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ეროვნული და სხვა საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგი.
- ბავშვთა ინსტიტუციების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ბავშვის უფლებების დარღვევის ცალკეული შემთხვევების გამოვლენა, შესწავლა და მათზე რეაგირება;
- ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა. საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
- ბავშვის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პოპულარიზაციისა და ამ სფეროში საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით შეუძლია მომართოს ნებისმიერმა პირმა და თავად არასრულწლოვანმა. განცხადებები მიიღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტში. დეპარტამენტის მიერ გაწეული სამსახური უფასოა.