ზოგადი წინადადება სსიპ შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევების გამო
სახალხო დამცველის აპარატში ერთდროულად რამდენიმე საქმისწარმოება მიმდინარეობდა, რომლებიც დამსაქმებელთა მხრიდან პროფესიული კავშირებისა და მათი წევრების უფლებების დარღვევისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა. სახალხო დამცველმა მოცემული საქმეები, საერთო მახასიათებლებისა და კოლექტიური შრომითი დავების მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემური ტენდენციების გათვალისწინებით ერთიანად განიხილა.[1]
სახალხო დამცველი საყურადღებოდ აფასებს აპარატის საქმიანობის ფარგლებში პროფკავშირული აქტივობების კუთხით გამოკვეთილ პრობლემურ ტენდენციებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი მოცემულობის აღმოუფხვრელობა დასაქმების ადგილებზე იმგვარი გარემოს შექმნის/გაძლიერების რისკებს წარმოშობს, რომელმაც, შესაძლოა, შრომით ურთიერთობებში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები წაახალისოს.
2023 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს ზოგადი წინადადებით მიმართა, შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადო დაცვისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები, რომლებიც მათ შორის, მოიცავს:
- სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან, დამსაქმებელთათვის კოლექტიური შრომითი უფლებების დაცვისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს ხელშემწყობი ინფორმაციის პროაქტიულ მიწოდებას;
- კოლექტიური შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევებისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას;
- დასაქმების ადგილებზე ინსპექტირების განხორციელებისას, სტრატეგიულ მიმართულებად, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევებისა და პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ზედამხედველობის განსაზღვრას.
[1]კერძოდ: ა(ა)იპ „საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის“ განცხადება (მოპასუხე - სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“); მოქალაქე ნ.ნ.-ის წარმომადგენლის, თამილა გაბაიძის განცხადება (მოპასუხე - სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“); ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ (მოპასუხე - შპს „ევოლუშენ ჯორჯია“) და (მოპასუხე - შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“) განცხადებები