ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში
2015 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.
ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში, ასევე, ხანდაზმულთათვის მომსახურების მიმწოდებელ 5 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. „არაადაპტირებული გარემო, სიღარიბე, ბენეფიციართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ძალადობაც კი, პერსონალის ნაკლებობა და დაბალი კვალიფიკაცია, მედიკამენტების ნაკლებობა, არსებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციის ნაკლებობა, – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რაც საშუალებას გვაძლევს, ხშირ შემთხვევაში, პანსიონებში არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავად შევაფასოთ. არსებული მდოგმარეობა ბენეფიციართა სრული იზოლაციის საფრთხეს ქმნის. და რაც ყველაზე შემაშფოთებელია არ ხდება ამ ინსტიტუციების ინსპექტირება, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს, რათა სათანადოდ განახორციელონ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებების რეალიზაცია, უზრუნველყონ არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეულმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა სისტემაში არსებული სირთულეები, თუმცა დასძინა, რომ პრობლემის აღმოფხვრას მხოლოდ ერთი სტრუქტურა ვერ შესძლებს და მთავრობის მთელი გუნდის კონსოლიდირებული მუშაობაა საჭირო.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები, ხანდაზმულთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე იმ პანსიონატების უფლებამოსილი პირები, რომელთა დაწესებულებებშიც განხორციელდა მონიტორინგი.
პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განიხილეს პრობლემის მოგვარების გზები, ისაუბრეს ერთიანი კონცეფციის შემუშავების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ დამცველის აპარატმა პირველად ჩაატარა ასეთი მასშტაბური ხასიათის მონიტორინგი და სპეციალური ანგარიშიც – „ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში“ პირველად გამოიცა.
უკვე 25 წელია, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციაც სიმბოლურად სწორედ ამ დღეს გაიმართა.