წინადადება საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის
2015 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე.
მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას სახალხო დამცველის მუშაობის შედეგები, ინდივიდუალური საქმისწარმოების პროცესის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები და საკითხის გამოკვეთილი აქტუალობა დაედო საფუძვლად.
საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. დღემდე მოქმედი რედაქცია საშუალებას აძლევდა არასრულწლოვან პირებს მათი ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ. გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე.
ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებდებს.