წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ
2016 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულ შ.კ-ს მიმართ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
2016 წლის 3 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მოთავსებულმა ბრალდებულმა შ.კ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან ახლოს შევიდა „პოპულის“ მაღაზიაში, სადაც გამყიდველს მისთვის საინტერესო პროდუქტის ფასი ჰკითხა. ამ ქმედებაზე რიგში მდგარმა ორმა უცნობმა პიროვნებამ უხეშად მიმართა რიგის დარღვევის გამო. შ.კ.–ს ცნობით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ ისინი, მიუხედავად სამოქალაქო ფორმისა, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უცნობებმა შ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შედეგად ბრალდებულმა გონება დაკარგა.
* ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ უცნობი პირები ფინანსური პოლიციის თანამშრომლები - მ.მ. და გ.დ. არიან.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შ.კ. მონახულებისას, ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება: კისერზე მარჯვნივ ექსკორიაცია დაფარული ფუფხით, ორივე თვალის ქვედა მარცხენა ქუთუთოზე ჰემატომა, ცხვირზე მოწითალო–იისფერი სისხლნაჟღენთი.
შ.კ.-ს სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების ფაქტი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოპოვებული დოკუმენტაციითაც დასტურდება. ნიშანდობლივია, რომ ბრალდებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში ოთხჯერ გაუწიეს პირველადი სამედიცნო დახმარება, საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც და „ნიუ ვიჟენის“ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. ამასთან, გამოძიების სრულფასოვანი წარმართვის მიზნით, საჭიროა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნეს ვიდეო მეთვალყურეობის საშუალებებით დაფიქსირებული კადრები.