წინადადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
2015 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მსჯავრდებულ გ.გ.–ს მიმართ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება მოითხოვა.
ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით 1997 წლის 28–29 იანვარს ჩადენილი ქმედების გამო (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში), საქართველოს მოქალაქე გ.გ.–ს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ევროპის საბჭოს 1983 წლის 21 თებერვლის „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის“ საფუძველზე, 2010 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გ.გ.–ს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოყვანის თაობაზე. ამავე განჩინებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებთან შესაბამისობაში მოიყვანა და გ.გ.–ს სასჯელის სახით კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განჩინების გამოტანისას საერთოდ არ იმსჯელა ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონით განსაზღვრულ სასჯელზე და კანონის უკუძალის პრინციპის აკრძალვის დარღვევით გ.გ.–ს შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, ასევე, საერთაშორისო აქტები ცალსახად და ორაზროვნად მიუთითებენ კანონის უკუძალის აკრძალვის იმპერატიულ ხასიათზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ნ.ხ.–მ მოსამართლის მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა, რითიც დაარღვია საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“.