წინადადება მთავარ პროკურორს პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ
2016 წლის 7 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ დ.გ.–ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა ბრალდებულ დ.გ.–ს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი 2016 წლის 25 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე – საბურთალოს სამმართველოს I განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს, რომელთაც არ განუმარტავთ რომ სამართალდამცავები იყვნენ. ბრალდებულის მტკიცებით, დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა, მაინც გადაუგრიხეს ხელები და დააწვინეს ასფალტზე. ამავე დროს, პოლიციის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ორჯერ ჩაარტყა იარაღის ტარი სახეში. შემდგომ, ავტომანქანაში, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციის თანამშრომლები თავში ურტყამდნენ ხელებს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
პენიტენციური დაწესებულებიდან მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ N8 დაწესებულებაში შესვლისას ბრალდებულ დ.გ.–ს ორივე თვალის ქვედა კიდურთან მოლურჯო ფერის კანქვეშა სისხლნაჟღენთი და ცხვირზე ფუფხით დაფარული ექსკორაცია აღენიშნებოდა.
სახალხო დამცველის აზრით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბრალდებულის მიმართ დაკავებისას არასათანადო მოპყრობას, რაც საჭიროებს დროული, ზედმიწევნითი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებას, რათა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოხდეს არასათანადო მოპყრობის ჩამდენი პირების დადგენა და მათ მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება.