წინადადება იუსტიციის მინისტრს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერთათვის სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით
2015 წლის 18 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, შემუშავდეს და დამტკიცდეს სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცედურული წესი. ამგვარი წესის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ.
საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლამ ცხადყო, რომ ტრანსგენდერები პრობლემებს აწყდებიან სამოქალაქო აქტების ჩანაწერში სქესის შეცვლისას, რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78–ე მუხლი განსაზღვრავს გარემოებათა ჩამონათვალს, რაც შესაძლოა გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მითითებულია „სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა“. თუმცა, არ არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სამოქალაქო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის, ასევე არაა განსაზღვრული ამ მუხლის მიზნებისათვის რა ითვლება „სქესის შეცვლად“.
კანონით დადგენილი წესის ბუნდოვანების გამო, მნიშვნელოვანია, საკითხი დარეგულირდეს სპეციალური წესით, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სფეროში წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით. სამოქალაქო აქტებში სქესის ჩანაწერის შეცვლის შესაძლებლობა საშუალებას მისცემს ტრანსგენდერებს, განახორციელონ თავიანთი ფუნდამენტური უფლებები და მოახდინონ საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია.