ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ სამცხე-ჯავახეთში
2017 წლის 11 მარტს, ახალციხეში ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.
2008 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით, მოამზადა და გამოსცა წიგნები „რელიგიები საქართველოში“ და „ეთნოსები საქართველოში“. პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. ვიქტორინა სწორედ ამ წიგნებში ასახულ მასალებს ეფუძნება და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
უკვე ტრადიციულად ქცეული ვიქტორინა სამცხე-ჯავახეთში პირველად ჩატარდა და მასში „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ახალციხის ხუთი, ახალქალაქის ოთხი და ნინოწმინდის ახალგაზრდული კლუბების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. თითოეული გუნდი 6 ძირითადი და 2 სათადარიგო მოსწავლისგან შედგებოდა.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ ახალციხის ტელევიზიის „მე-9 არხის“ ხელმძღვანელი მაია იველაშვილი, ჟურნალ „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თინათინ ზაზაძე და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები კობა ჩოფლიანი, ბელა ოსიპოვა და ნინო ცინცაძე. კონკურსს უძღვებოდა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.
ორტურიანი დაძაბული ასპარეზობის შემდეგ, ახალციხის ორი გუნდი დაწინაურდა; მათ შორის გამართულმა დამატებითმა ტურმა კი გამარჯვება ახალციხის გუნდს „Space Oddity” არგუნა, რომლის წევრებიც პლანშეტებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პლანშეტები გადაეცათ მოწინააღმდეგე გუნდის ორ გამორჩეულ მოთამაშესაც. სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდა ვიქტორინის ყველა მონაწილე.
„დღევანდელი ვიქტორინა გამორჩეულია, რადგან პირველად გაიმართა ახალციხეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიქტორინაში მონაწილეობას პირველად იღებენ ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები. მათ ძალიან კარგად იასპარეზეს და ურთულესი მასალა ქართულ ენაზე შესანიშნავად დაძიეს,“ - განაცხადა სახალხო დამცელთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კონკურსის შეჯამებისას.
ღონისძიება ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.
ღონისძიება გააშუქა ჟურნალმა „სამხეთის კარიბჭე“და ახალციხის მე-9 არხმა.