ვიქტორინა ახალქალაქში
მიმდინარე წლის 29 ივლისს, ახალქალაქში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის ოფისის პარტნიორობით სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში ახალგაზრდული ინტეგრირებული ფესტივალი გაიმართა.ფესტივალში ახალქალაქის და ახაციხის მუნიციპალიტეტების ქართული და არაქართული საჯარო სკოლების 77 მოსწავლე მონაწილეობდა.
ფესტივალის მთავარ მიზანს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ფესტივალი ახალქალაქის მომავლის სახლში ვიქტორინით გაიხსნა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელი სალომე ყულჯანიშვილი უძღვებოდა. ვიქტორინის კითხვები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სამოქალაქო განათლებასა და ევროპულ ინტეგრაციას, უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მონაწილე სომხურენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ამომწურავად უპასუხეს კითხვებს სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და მისი მანდატის შესახებ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი ცნობადობის გაზრდა ბოლო პერიოდში რეგიონში გააქტიურებული საქმიანობის შედეგია, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სახალხო დამცველის მანდატის გაცნობის მიზნით რეგულარულად ხორციელდება.
სახალხო დამცველის აპარატი თანადგომას უცხადებს მსგავსი სახის ახალგაზრდულ ღონისძიებებს და შემდგომში აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს.