ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისათვის

2016 წლის 29 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისის და რეგიონული მედიასაშუალებების 20 დამწყებ ჟურნალისტს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“.

აკადემიის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე მიესალმა და გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონული მედიასაშუალებების წვლილზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და თანასწორუფლებიანობის იდეის დამკვიდრების საკითხებში.

ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ძირითად საკითხებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მგრძნობიარე გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტებს ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკაში; გაიღრმავეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცოდნა.

ტრენინგს გაუძღვნენ ადგილობრივი ექსპერტი ზვიად ქორიძე, საერთაშორისო ექსპერტი მონიკა ელენა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ეკატერინე სხილაძე. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში პირველად ჩატარდა. პროექტის დახმარებით წლის ბოლომდე კიდევ 9 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისაკენ არის მიმართული.

4.03.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)