ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის სამინისტროს ანგარიშები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.

2017 წლის 20 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესრულებული 6 რეკომენდაცია განიხილა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაწილობრივ შეასრულა რეკომენდაცია სისხლის სამართლის საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის, მოსამართლეების და სხვა საჯარო მოხელეების საკმარისი რაოდენობის განსაზღვრისა და მათი თანამდებობაზე დანიშვნის ღონისძიებების გატარების შესახებ; ვინაიდან, მიუხედავადსაერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდისა, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით მოსამართლეებზე საქმეთა თანაბარი გადანაწილების შესაძლებლობისა, საქმის განხილვის გაჭიანურება მაინც ხდება და რამდენიმე შემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც შეისწავლა.

ნაწილობრივ შესრულდა ასევერეკომენდაციები – სასამართლომ დეტალურად იმსჯელოს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე; ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას ბრალდებულის ან გირაოს თანხის გადამხდელი პირის მატერიალური მდგომარეობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმრობის გამოყენება შემცირებული, თუმცა კვლავ პრობლემურია პატიმრობის გამოყენების კანონით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლების სრულყოფილი და დეტალური შემოწმება. დადებითად უნდა შეფასდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა გირაოს ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა, თუმცა სასამართლო ქონებრივ მდგომარეობაზე მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მსჯელობს.

არ შესრულდა რეკომენდაცია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესახებ განცხადებებისა და საჩივრების დროული, ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის და რეაგირების შესახებ, ვინიდანკერძო სარეკომენდაციო ბარათი მხოლოდ 1 საქმეზე გაიცა, რაც მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების პროცესში ხარვეზების მაჩვენებელია.

ასევე არ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია – სასამართლოს წინაშე წარდგენილი პირის სახეზე ან სხეულზე წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის ნიშნების არსებობისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული გარემოებები პირისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველს იძლევა, სასამართლომ მოითხოვოს გამოძიების დაწყება და სავარაუდო მსხვერპლის სათანადო დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გულისხმობდა მოსამართლეთა გადამზადებას პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების თაობაზე და წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის უფლების ეფექტური რეალიზაციისთვის მიმართული ღონისძიებების გატარებას.

იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილი რეკომენდაციის – საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, ზედდების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის შესახებ, შესრულების შესახებ ანგარიში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა.

სახალხო დამცველის პოზიციით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა რეკომენდაცია სრულად შესრულებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, მოქმედ ნორმებში ძირითადად საუბარია მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებაზე და არა ვალდებულებებზე. ამასთან, მისასალმებელია დაცული დოკუმენტაციის სისტემატიზება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა, ასევე, ის რომ ტექბიუროს მონაცემების გადატანა დასრულებულია. თუმცა, ბევრ დეტალზე პასუხი გაუცემელია და დასაზუსტებელია უშუალოდ მუშაობის პროცესში როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება.

20.02.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)