უწყებათა ანგარიშები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ
2019 წლის 27 და 28 მარტს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ისმენენ.
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში შესული 344 რეკომენდაციიდან საპარლამენტო დადგენილებაში 235 აისახა და მათი შესასრულება საქართველოს მთავრობას, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებს დაევალა.
27 მარტს რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარმოადგინეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ. გამომსვლელთა განცხადებებით, სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად ითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მათი უმეტესობა შესრულებულია, ან შესრულების პროცესშია.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, რჩება საკმაოდ სერიოზული პრობლემები არასათანადო მოპყრობის გამოძიებასთან დაკავშირებით; დღემდე გაურკვეველია რა მდგომარობაშია მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება. აქვე, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის დეპუტატებს სთხოვა, უზრუნველყონ შესაბამის კანონში ცვლილების შეტანა, რათა სახალხო დამცველს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომის უფლება მიეცეს.
სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველი დაინტერესდა სექსუალურ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამებით. ასევე, ხაზი გაუსვა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების საკითხს და აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკთა - მძიმე სამუშაო პირობები, ადამიანური რესურსებისა თუ ფინანსების სიმცირე და სხვა პრობლემები, კრიტიკულ მდგომარეობას ქმნის და მათი დაუყოვნებლივი გადაჭრას საჭიროებას წარმოშობს.
ნინო ლომჯარიამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პარლამენტის დადგენილებაში ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი რეკომენდაცია აისახება; ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომელობის შედეგად მიღწეულ წარმატებას და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ასეთივე ფორმატის თანამშრომლობას გეგმავს იმ უწყებებთან, რომელთა მიმართაც სახალხო დამცველი ყველაზე მეტ რეკომენდაციას გასცემს, მათ შორის იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, მთავარ პროკურატურასთან.
სახალხო დამცველმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებაში პარლამენტის მიმართ გაცემული რეკომენდაციებიც აისახვა, თუმცა სამწუხაროდ, პარლამენტთან ამ რეკომენდაცითა შესრულების მდგომარეობის განხილვა სათასნადოდ ვერ მოხერხდა.