უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში
2021 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოში უთანასწორობის შემცირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების მიზანი იყო წარმოეჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და მრავალდონიანი მმართველობა მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომ პერიოდში. ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმა მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა თანასწორი და დისკრიმინაციისგან დაცლილი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას. აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს გენდერის მრჩევლებსა და გენდერის საბჭოებთან მათი ინფორმირებულობის გასაზრდელად. კერძოდ, 2021 წელს 30 საინფორმაციო შეხვედრა გამართა ყველა რეგიონში გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობის შესახებ. მოკლედ მიმოიხილა 2021 წელს ჩატარებული კვლევა „ქალები და მობილობა“, რომელშიც სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებული გენდერული ასპექტებია გამოვლენილი. (მაგალითისთვის, მცირე შემოსავლის მქონე ქალების 38.4% იშვიათად ან საერთოდ არ გადის სახლიდან; ყველა რეგიონში უკიდურესად დაბალია ქალების მობილობა განათლების მიღების მიზნით; 60 წელს ზევით ქალების ნახევარზე მეტი საერთოდ არ გადის სახლიდან. კვლევას თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მობილობის კუთხით ქალთა საჭიროებების გამოკვეთას.)
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესაძლო დისკრიმინაციულობის შესახებ, როდესაც პროგრამებით განსაზღვრულ მოსარგებლეთა წრიდან ხშირად გამოირიცხებოდნენ მსგავსი საჭიროების მქონე, არსებითად თანასწორი ჯგუფები სქესის, შეზღუდვის ტიპის, ასაკის, მოქალაქეობის, ქორწინების სტატუსის თუ სხვა საფუძვლით.
ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან დისკრიმინაციის, განსაკუთრებით, გენდერული ნიშნით, წამახალისებელი განცხადებების მავნე პრაქტიკაზე. ასევე, მოუწოდა მუნიციპალიტეტებს უზრუნველყონ მოქალაქეთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, და მეტი ძალისხმევა გაწიონ უმცირესობების თუ მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრირების მიმართულებით.
გამოსვლის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აპარატი გააგრძელებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას და ყოველთვის მზად არის გაუზიაროს მათ თავისი ინსტიტუციური გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვაში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი და თბილისის მერი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე.
სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ კოვიდ 19-ის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით წარმოქმნილი უთანასწორობის შემცირების საკითხებზე და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის მონაწილოებას მათი გაძლიერების საქმეში, მათ შორის, პრობლემების გამოკვეთით და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავებით, სისტემატური საინფორმაციო შეხვედრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებული გამოწვევების გამოსავლენად და სხვა საკითხებით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.