უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში
2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმში მორიგი საჯარო დებატი გამართა თემაზე „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“. საჯარო დებატებს მოდერაციას უწევდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამიძემ ყურადღება გაამახვილა შიდა მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, მრავალშვილიანი დედების პრობლემებზე, ეკომიგრანტთა და უსახლკარო პირთა საკითხებზე. ასევე სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე მაღალმთიან რეგიონებში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა დალი ქიქავამ შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებითაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილა, ხაზი გაუსვა ეკომიგრანტებთან დაკავშირებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრესს და შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირების მიზნით შემუშავებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისსამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე რაზმაძემ ისაუბრა წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებსა და სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; ასევე მიმოიხილა არსებული საკანონმდებლო ბაზა და მის დასახვეწად მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.
ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ ბათუმის მერიის სოციალური და უსახლკარო მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამების ანალიზი წარმოადგინა.
ეკომიგრაციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზები და ალტერნატივები განიხილა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტიშვილმა. მან მთავარ გამოწვევად ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა, სტატისტიკის წარმოების ხარვეზები და კომპენსაციის გაცემის პრაქტიკა დაასახელა. ასევე, შეაფასა ე.წ. თვითნებური შესახლებების გამომწვევი ფაქტორები და კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა.
საჯარო დებატები საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ქვეყანაში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.