ტრენინგი „სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების მონიტორინგის“ საკითხებზე
2023 წლის 6 და 7 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის სფეროში მომუშავე წევრების, ექსპერტების, ფსიქიატრების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის გაიმართა ტრენინგი „სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების მონიტორინგის“ თემაზე.
შეხვედრას უძღვებოდა 2014-2020 წლებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი მისაწვდომი სტანდარტით სარგებლობის საკითხებში, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი, ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი დანიუს პურასი.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების მონიტორინგის ძირითად მეთოდებს, ვიზიტების მომზადებისა და განხორციელების პროცესს, მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის შესახებ რეკომენდაციებს, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული რეგულირების გათვალისწინებით, ბავშვთა და მოზრდილთა სერვისების შემთხვევაში. ასევე, განიხილეს ბავშვთა და მოზრდილთა თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების კარგი პრაქტიკის მაგალითები. გაიმართა ჯგუფური მუშაობაც.
დისკუსიისას ისაუბრეს სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების აწმყოსა და მომავალზე, მონიტორინგის პროცესის მნიშვნელობაზე.
ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში გაიმართა.