ტრენინგი პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების შესახებ
2016 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის უფლების დაცვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა და ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში მერაბ ქავთარაძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია, პატიმრებთან გასაუბრების კითხვარი, სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების კითხვარი და სხვა ინსტრუმენტები.
ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის – „ჯანმრთელობის უფლების დაცვის ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის, პრევენციული ჯანდაცვისა და დაავადებათა პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის, მათ შორის შესაბამისი ნორმატიული ბაზის, პატიმრობის პირობების პატიმართა ჯანმრთელობაზე ზემოქმედებისა და დაავადების რისკ ფაქტორების შესწავლას და შეფასებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს მონიტორინგს, რომელიც მოიცავს სოციოლოგიურ კვლევას, სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის ანალიზს და საველე სამუშაოებს.