ტრენინგი მოქალაქეობის არმქონე პირთა საკითხებზე
2019 წლის 10-11 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგი, რომელზეც მოქალაქეობის არმქონეობის ევროპული ქსელის პოლიტიკისა და კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ნინა მურრეიმ მოქალაქეობის არმქონეობის საფუძვლებზე, პრევენციისა და შემცირების შესახებ ევროპულ სტანდარტებსა და საკანონმდებლო ჩარჩოზე, ასევე, სტატუსის დადგენის პროცედურის მნიშვნელობასა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და შემუშავებულ რეკომენდაციებზე; ხაზი გაუსვეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას სტატუსის დადგენის, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისა და ინტეგრაციის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისათვის. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახელმწიფოს ხედვა და ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატის წარმომადგენელმა 10 წლიანი გლობალური კამპანიის #მემივეკუთვნები სიახლეებზე ისაუბრა; ინოვაციებისა და განვითარების ცენტრმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიკაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კონკრეტული საქმეების შესწავლისას წარმოქმნილი პრობლმების შესახებ.
ტრენინგის ბოლოს გამართულ დისკუსიაზე მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.
ღონისძიება ჩატარდა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა პროექტის ბენეფიციართა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში.