ტრენინგი ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე
2017 წლის 29–30 მაისს პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, საქმისწარმოების, დაინტერესებულ პირთა მიღებისა და არქივის დეპარტამენტების იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც შეხება აქვთ თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებთან და მუშაობენ მათ საქმეებზე.
ტრენინგზე განიხილეს სახალხო აპარატის მხარდაჭერის პროექტის მიზნები და საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს ლტოლვილთა უფლებების დაცვის კუთხით. სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მანდატი და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ძირითადი დებულებები, როგორიცაა ლტოლვილის ცნების განმარტება, ლტოლვილად აღიარების კრიტერიუმები; დევნის სტანდარტები – სუბიექტური vs. ობიექტური შიში, დევნის საფუძვლები და გამორიცხვა, ასევე უნივერსალური პრინციპები: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება (1951 წლის კონვენციის 31-ე მუხლის განმატება და საქართველოს კანონმდებლობა), კონფიდენციალურობა, არგაძევების პრინციპი და ა.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა იმ სიახლეებსა და ტენდენციებზე, რომლებმაც დადებითად იმოქმედეს თავშესაფრის სისტემის განვითარებაზე, ტრენინგის მონაწილეებს წარმოუდგინა საქართველოს კანონი ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის თებერვლიდან. ასევე ისაუბრა ლტოლვილთა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ორმხრივ ბრძანებაზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელ პირთა იდენტიფიკაციას, გადაცემასა და ინფორმაციის გაცვლას ორ უწყებას შორის.
ტრენინგზე განხილული იყო როგორც თეორიული საკითხები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები.
ღონისძიება ჩატარდა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.