ახალი ამბები

ტრეინინგი უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგის თემაზე

2015 წლის 30 ნოემბერიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა (DCAF) ჩაატარა ტრეინინგი თემაზე: „უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგი“.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია DCAF-ს ტრეინინგის ორგანიზებისთვის და უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგის საკითხის აქტუალობას ხაზი გაუსვა. სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მონიტორინგის კუთხით არსებულ გამოცდილებასა და ამ სფეროს ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.

მოწვეულმა ექსპერტმა მიმოიხილეს უსაფრთხოების სექტორის მართვისა და ზედამხედველობის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები, უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგი და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, შეიარაღებულ ძალებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი და ამ კუთხით სახალხო დამცველის ინსტიტუტების როლი, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საქმიანობების კანონიერების მონიტორინგი, შეარაღებული ძალების პერსონალის მიერ საჩივრების წარდგენა და პერსონალის დაცვის სხვა მექანიზმები, სამოქალაქო და სამხედრო დაზვერვის მონიტორინგის საკითხი; სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილება, კონკრეტულად კი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების საკითხი, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში მათი პასუხისმგებლობა, დაზარალებულთა დაცვა და მათ მიმართ საკომპენსაციო ზომები და სხვა.

ტრეინინგი ინტერაქტიული კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების მიწურულს მონაწილეებმა განხილულ თემებთან მიმართებაში სახალხო დამცველის აპარატის საჭიროებებზე ისაუბრეს და აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები წარმოადგინეს.

30.11.15 – 3.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)