ახალი ამბები

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ასევე რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც ადამიანები განიცდიან ჩაგვრას და უთანასწორო მოპყრობას მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გამო, როდესაც დაბალია ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელი და რელიგიის თავისუფლების განხორციელებას კვლავ საფრთხე ექმნება, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ იმ ადამიანების თუ ორგანიზაციების წვლილი, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში“, – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ.

ღონისძიებაზე ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლებმა ბექა მინდიაშვილმა და კობა ჩოფლიანმა ქვეყანაში ტოლერანტობის კუთხით არსებულ მდგომარეობა მიმოიხილეს.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ე.წ. ტოლერანტობის ქომაგ: მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

წელს რელიგიათა საბჭომ ჯილდო გადასცა ინტერნეტ–გამოცემა ნეტგაზეთს ციკლისთვის „უჩინარები“, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს სოფიო ზვიადაძეს და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს უმცირესობათა საკითხებში სოფიო შამანიდის.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ნომინაციაში „საჯარო მოხელე“ გამარჯვებულად დაასახელა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს, ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირს“ და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხის გადაცემას „ჩვენი საქართველო“.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს მედიაკონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტები.

მიმდინარე წელს ჟიურიმ პირველი ადგილი მიანიჭა ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ დავით ფარულავასა და მამუკა მგალობლიშვილის სტატიების ციკლს რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების თემაზე, მეორე და მესამე ადგილი გაინაწილეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა სტატიისათვის „პანკისელების სიტყვა“ და თეა თოფურიამ სტატიისათვის „ერთ დღეში გადასახლებული გერმანელები“.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ორგანიზებით გაიმართა.

18.11.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)