თანასწორობის მექანიზმს 10 წელი შეუსრულდა
2024 წლის 2 მაისს 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირთან დადებული ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო და სახალხო დამცველის აპარატის ფარგლებში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა.
დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის მიღება, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, თავისთავად, მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, მალევე გამოვლინდა მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი ნაკლოვანებები, რაც ნორმატიული ჩარჩოს პრაქტიკაში მოქმედებას აფერხებდა. ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის 11 თებერვალს სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. 2019 წელს, დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. კერძო პირებს გაუჩნდათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების და რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, მისი განხილვისა და შედეგების სახალხო დამცველისათვის შეტყობინების ვალდებულება. 2019 წელს შევიწროება და სექსუალური შევიწროება, ხოლო 2020 წელს - გონივრულ მისადაგებაზე უარი, დისკრიმინაციის ფორმებად განისაზღვრა.
- 10 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1363 ფაქტი შეისწავლა, საიდანაც, 97 შემთხვევაში, საქმისწარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო. განხილული შემთხვევებიდან, 865 - საჯარო უწყებებიდან მომდინარე სავარაუდო დისკრიმინაციას, ხოლო 498 - კერძო სამართლის სუბიექტებს მიემართებოდა. წლიდან წლამდე, აქტიურად იცვლებოდა დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნების რაოდენობრივი მაჩვენებელი, რაც, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ წელს არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული;
- სახალხო დამცველმა 110 რეკომენდაცია და 51 ზოგადი წინადადება მოამზადა;
- საუკეთესო პრაქტიკის განვითარებისა და სწორი სამართლებრივი სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით, საერთო სასამართლოებს 28 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში მესამე მხარის ინტერვენცია განახორციელა, რომლითაც სასამართლოს ქალთა თანასწორუფლებიანობის შესახებ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა;
- 2024 წლის 17 აპრილს სახალხო დამცველმა პირველად გააფორმა მორიგების აქტი მხარეებს შორის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე. აპარატის ჩართულობით, გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მხარეებს შორის შეთანხმება შედგა;
- სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 400-მდე საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარეს და ჯამში 6500 პირს თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სამიზნე აუდიტორია მოიცავდა როგორც საჯარო მოხელეებს, ისე კერძო კომპანიების, პროფესიული კავშირებისა და სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
- მომზადდა 12 სპეციალური ანგარიში, 1 სახელმძღვანელო, 6 ვიდეორგოლი და 2 ელექტრონული სასწავლო კურსი;
- საერთაშორისო და ადგილობრივ აქტორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, საქართველოს სახალხო დამცველი „თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის“ (Equinet) წევრი გახდა.
სახალხო დამცველის აპარატი მადლიერია ყველა იმ ადამიანის, რომელმაც 10 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეების შესასწავლად მომართა. ასევე, ხაზგასასმელია, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის როლი, რომელიც გვერდში ედგა სახალხო დამცველს დისკრიმინაციის მსხვერპლების უფლებების დაცვაში, თანასწორობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა, სხვადასხვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაში; სახალხო დამცველი გამოთქვამს მათთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების იმედს.