სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა საქართველოში
2023 წლის 27 ივნისს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ კონფერენციაზე - „მსხვერპლის უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის როლი“.
კონფერენციაზე გამოსვლისას თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აპარატმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გაეცნო შეწყვეტილ საქმეებს და გამოძიების მასალებს. „საქმეთა სრულყოფილად შესწავლამ აჩვენა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები ძირითადად აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს, თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა მაინც გამოკვეთა ერთეული პრობლემები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს“.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების შეცვლის საჭიროებას. მან აღნიშნა, რომ სამსახურის მანდატის გაფართოება დამატებით დანაშაულებზე და ნებისმიერი ინდივიდის მიერ ჩადენილ ქმედებებზე სერიოზულად ამცირებს უწყების ყურადღებას სამართალდამცავების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან ფართო იურისდიქციამ შეიძლება შეამციროს გამოძიების ეფექტიანობა ან/და გამოიწვიოს ნაკლები ყურადღება სერიოზულ დანაშაულებზე. ასევე უკანასკნელი პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებებს არ მოუცავს ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარისი გარანტიები.
კონფერენციაზე წარმოადგინეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთწლიანი საქმიანობის შედეგები, სტრატეგიის პროექტი და ევროპის საბჭოსგან მიღებული უკუკავშირი. ასევე, ისაუბრეს მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებაზე, მოწმეთა დაცვის პროცესზე და მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებზე, მსხვერპლის ეფექტურ მონაწილეობაზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამოძიებაში, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებაზე და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტის პრაქტიკის გათვალისწინებით დაწყებული ახალი გამოძიებების სტანდარტებზე.