ახალი ამბები

სპეციალური პრევენციული ჯგუფის პრევენციული ვიზიტები N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2025 წლის 21, 22 და 23 ივლისს პრევენციული ვიზიტები განახორციელა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტების მიზანი იყო ქალ და გოგო პატიმართა მიმართ მოპყრობის, პატიმრობის პირობებისა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეფასება.

ანგარიშში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ქალი და გოგო პატიმრები განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან და საჭიროებენ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას, რაც შეესაბამება „ბანგკოკის წესების“ სულისკვეთებას. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს ქალ პატიმართა რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე.

პრევენციული ვიზიტის დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. რამდენიმე შემთხვევაში, პატიმრები უთითებდნენ უხეში და დამამცირებელი მიმართვის ფაქტებზე. გამოვლინდა პატიმართა შორის პერიოდული კონფლიქტებიც, რაც, ჯგუფის შეფასებით, ხშირად უკავშირდება საკნებში განთავსებისას ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების არასათანადო შეფასებას.

განსაკუთრებით პრობლემურია პატიმრობისა და დახურული ტიპის განყოფილებაში, ასევე შიდა კლასიფიკაციის საკნებში არსებული პირობები: პატიმრები დღეში 23 საათს ატარებენ საკანში აქტივობების გარეშე, შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი და სარეაბილიტაციო/საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა. დახურულ ნაწილსა და შიდა კლასიფიკაციის საკნებში დაფიქსირდა ცხელი წყლის ხელმისაწვდომობისა და შხაპით სარგებლობის პრობლემები. დაწესებულებაში დაფიქსირდა ხელოვნური სავენტილაციო სისტემის გაუმართაობა, მაღალი ტემპერატურის პირობებში საკნების გაგრილების პრობლემა და წყლის ხშირი შეწყვეტა. საყურადღებოა სასამართლოში/სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირების და მოცდის პირობები.

მიუხედავად ინფრასტრუქტურის განახლებისა, სამედიცინო დახმარების კუთხით გამოწვევად რჩება პერსონალის დეფიციტი და სპეციალისტთან კონსულტაციის მოლოდინის ხანგრძლივობა; ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით კი არ არის დანერგილი პერიოდული სკრინინგის ეფექტიანი მექანიზმი.

ანგარიში ასევე მიუთითებს რეაბილიტაციაზე თანაბარი წვდომის ხარვეზებზე, პერსონალის რესურსის ნაკლებობაზე და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში დასაქმებისას შრომითი უფლებების დარღვევის რისკებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯეროვნად განიხილოს ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები და მიიღოს ქმედითი ზომები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)