ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში „წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში“

იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „წყალზე უფლების რეალიზაცია საქართველოში“.

წყალი შეზღუდული ბუნებრივი რესურსი და საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელიც ცხოვრების ფუნდამენტს ქმნის. არაერთ საერთაშორისო რეზოლუციასა და ანგარიშში ვხვდებით მითითებას წყალზე უფლებასთან დაკავშირებით. 2010 წელს კი პირველად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა ადამიანის უფლება უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე, როგორც არსებითი უფლება ცხოვრებით სრულფასოვანი სარგებლობისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის.

ადამიანის უფლება წყალზე გულისხმობს ყველასთვის საკმარის, უსაფრთხო, მისაღებ და ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომ წყალს პირადი და საშინაო (საყოფაცხოვრებო) გამოყენებისთვის.

გლობალურ და ეროვნულ დონეზე საკითხის აქტუალობისა და სიმწვავის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2024 წელს პრიორიტეტულად მუშაობდა წყლის უფლებაზე, გაეროს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსისა (GANHRI) და ნორვეგიის მხარდაჭერით.

აპარატმა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რის საფუძველზეც აპარატის წარმომადგენლებმა ვიზიტები განახორციელეს საქართველოს 5 რეგიონში და 15 მუნიციპალიტეტის 35 სოფელში.

სპეციალურ ანგარიშში გაანალიზებულია წყალზე უფლების საერთაშორისო სტანდარტები, სახელმწიფოს ვალდებულებები, უფლების შინაარსობრივი ასპექტები და პრინციპები, ეროვნული რეგულაციები, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები. სპეციალური ანგარიში შესაბამის უწყებებს სთავაზობს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს ამ უფლების განხორციელებას.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)