ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, სადაც მიმოხილულია „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.

სახალხო დამცველმა 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო უწყებებს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალურ ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს 334 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 81.62% გაიზიარა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 316 დავალება გასცა. პარლამენტის 2022 წლის დადგენილებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი, პარლამენტის 2021 წლის დადგენილებით სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებლის მსგავსია (82%).

წინამდებარე ანგარიშში შეფასებულია პარლამენტის მიერ სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული დავალებები, ჯამში 292 დავალება. აღნიშნულთაგან: 33 დავალება არ ექვემდებარება შეფასებას პარლამენტის მიერ მისი შინაარსის არსებითი ცვლილების გამო; სახელმწიფო უწყებების მიერ, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო შეუძლებელია 7 საპარლამენტო დავალების შესრულების მდგომარეობის შეფასება; დამატებით, 5 დავალება არ ფასდება დუბლირების საფუძვლით.

პარლამენტის დადგენილებით გაცემული დავალებების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ დავალებების შესრულების მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია :

  • დავალებების დაახლოებით 19 % სრულად შესრულებულია;
  • ნაწილობრივ შესრულდა 24 %;
  • შეუსრულებლად ფასდება 36 %.

პოზიტიურად უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებულია იმ რეკომენდაციების რაოდენობა, რომელიც პარლამენტმა არ ასახა დადგენილებაში. კერძოდ, 2022 წლის პარლამენტის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის 23 რეკომენდაცია, მაშინ როდესაც პარლამენტის 2021 წლის დადგენილებაში ეს მაჩვენებელი 30 რეკომენდაცია იყო. აღნიშნული რეკომენდაციების ნუსხა თან ერთვის წინამდებარე სპეციალურ ანგარიშს დანართის სახით.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გასულ წელთან შედარებით გაზრდილია იმ დავალებების შესრულების მაჩვენებელი, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით სრულად და ნაწილობრივ არის შესრულებული. ასევე, შემცირებულია არ შესრულებული დავალებების რაოდენობა.

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას. აღნიშნული აქტით პარლამენტი აფასებს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას. ამ მიზნით უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. სამწუხაროდ, კომიტეტში, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც არ შედგა საკომიტეტო განხილვა პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების თაობაზე .[1]

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააცნობიერონ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მნიშვნელობა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გააძლიეროს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა მაკონტროლებელი მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.


[1] საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების ადრესატი ორგანოების მიერ აღნიშნული დავალებების შესრულებას და მართავს საკომიტეტო განხილვას, სახალხო დამცველისა და მისი რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების მონაწილეობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)