ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში დეტალურად არის შეფასებული საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის საფუძველზე, პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა. ასევე, ანგარიშს თან ერთვის დანართი დოკუმენტი, სადაც აღწერილია საპარლამენტო დავალებების შესრულების სტატუსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ.

სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 335 რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 78.5% გაიზიარა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 305 დავალება გასცა.

დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის 45 რეკომენდაცია. პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილებისა და 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილების შედარების საფუძველზე ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა როგორც 2019 წლის, ასევე 2020 წლის დადგენილებებში თემატიკის მხრივ მსგავსია. კერძოდ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მიზანი იყო მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვა, ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების უზრუნველყოფა და სკოლის მოსწავლეთა რელიგიური ინდოქტრინაციისგან დაცვა. აგრეთვე რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართებოდა ძალოვან უწყებებში გამჭირვალეობის ხარისხის ზრდის უზრუნველყოფას.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად შესრულებულად ფასდება გაცემული დავალებების 20.2%, ნაწილობრივ შესრულებულად 17.6%, ხოლო შეუსრულებლად 59.9%. უნდა აღინიშნოს, რომ უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შესრულდა დავალებების 2.2%. სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმრავლესობა დადგენილებაში ასახა და იგი სახელმწიფო უწყებებისთვის შესასრულებლად სავალდებულო გახადა, მათი შესრულების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას. აღნიშნული აქტით პარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას. ამ მიზნით უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)