ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრების შემოწმების შესახებ

2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრების შემოწმების შესახებ“ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე დაწყებული დისციპლინური შემოწმების პროცესი.

ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ ის ხარვეზები გამოკვეთა, რომლებიც მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე დაწყებული დისციპლინური შემოწმების შესწავლის შედეგებით გამოიკვეთა. მათ შორის:

  • ყველა უწყებაში უკიდურესად დაბალია განცხადება/საჩივრების საფუძველზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რიცხვი;
  • არ ხდება ვიდეო ან სამხრე კამერების ჩანაწერების, როგორც ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება და შესწავლა, სადაც ამის შესაძლებლობაა.
  • გენინსპექციების დებულებები არ ითვალისწინებს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების დაწყების ვალდებულებას განცხადება/საჩივრის მიღებისთანავე;
  • მოქალაქეებს, როგორც წესი, არ მიეწოდებათ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია;
  • კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საბოლოო დოკუმენტის გასაჩივრების უფლებას, წესს და პროცედურას;
  • არ ხდება სტატისტიკური მონაცემების პროაქტიულად დამუშავება და გამოქვეყნება, აგრეთვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • უკიდურესად დაბალია საზოგადოების ცნობადობის დონე გენინსპექციების უფლებამოსილებისა და კომპეტენციის შესახებ.

კვლევისას სხვადასხვა უწყებების პრაქტიკაში ერთგვაროვნებასთან ერთად, საქმიანობის განსხვავებული ტენდენციებიც გამოიკვეთა:

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენინსპექცია განცხადებათა მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაზე იწყებს სამსახურებრივ შემოწმებას. ამასთან, არ არის დადგენილი შემოწმების დაწყების კრიტერიუმები. შემოწმებისას დადასტურებული გადაცდომის მიუხედავად, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, რომ პროკურატურის მუშაკს არ დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენინსპექციისთვის განცხადება/საჩივრის მომართვიანობა უკიდურესად დაბალია, მოქალაქეთა უმეტესობას ეცნობება შემაჯამებელი პასუხი. აღნიშნული უწყება შეისწავლის იმ განცხადებებსაც, რომელიც არ შედის მის უფლებამოსილებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია შემოწმების პროცესში სამხრე კამერების ან/და სხვა ვიდეო ჩანაწერებს, როგორც ნეიტრალურ მტკიცებულებას, როგორც წესი, არ შეისწავლის; სამაგიეროდ, როგორც წესი, დროულად ახორციელებს ყველა რელევანტური პირს გამოკითხვას. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წარდგენილი საჩივრები იგზავნება პროკურატურაში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენინსპექციას ადამიანური რესურსის დეფიციტი აქვს, რის გამოც დაგვიანებით რეაგირებს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან შემოსულ განცხადებებზე; პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების გამოკითხვისას გვხვდება ახსნა-განმარტების იდენტური ტექსტები; შემოწმების პროცესში პენიტენციური დაწესებულების ვიდეოკამერების ჩანაწერების, როგორც ნეიტრალური მტკიცებულების, დაარქივება პრაქტიკაში თითქმის არ ხდება; ხშირად არ ხდება შესაძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.

სახალხო დამცველი, შესწავლის შედეგების საფუძველზე, უწყებებს მხოლოდ რამდენიმე პირველადი რეკომენდაციით მიმართავს; სისტემური ცვლილებების გატარება კი დამატებით სამუშაო შეხვედრებსა და მსჯელობას საჭიროებს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

20.11.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)