ახალი ამბები

სპეციალური ანგარიშები მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ

2016 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშებში წარმოდგენილია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა შეისწავლა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და რეინტეგრაციის სერვისის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების სხდომების მუშაობა. 2005 წლიდან საქართველოში სახელმწიფო მზრუნველობის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მინდობით აღსაზრდელ და რეინტეგრირებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ეფექტიანად დაცვისათვის, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერება და შემდგომი მუშაობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია, რეინტეგრირებულ ოჯახთა სოციალური ფუნქციის ამაღლება, ფარდობით და უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ რეინტეგრირებულ ბავშვთა გაძლიერება და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. რეინტეგრირებულ ბენეფიციართა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვების უსაფრთხოების დაცვაზე, ძალადობისა და ნებისმიერი ტიპის არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილება/აღმოფხვრაზე.

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებისა, ნორმატიულ დონეზე, მინდობით აღზრდის სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. პრობლემას წარმოადგენს, ასევე, სახელმწიფო დონეზე მინდობით აღმზრდელთა მომზადებისა და გადამზადების სისტემის არარსებობა, სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაცია. აქტუალურია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა იდენტიფიკაცია და მათი რეაბილიტაცია, მინდობით აღმზრდელ მშობელთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი რთული ქცევის მართვისა და პრევენციის, სხეულებრივი დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გამოიკვეთა, ასევე, გამოწვევები მინდობით აღზრდის სერვისში ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის, მათი ბიოლოგიურ გარემოში რეინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის პროცესების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობისა და პასუხისმგებელი უწყებების მიერ უნდა მომზადდეს სპეციალური სახელმწიფო ქვეპროგრამები, განხორციელდეს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება; ყურადღება უნდა გამახვილდეს ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული მიმღები ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერებაზე, უნდა ამაღლდეს რეინტეგრირებული ოჯახების ინფორმირებულობის დონე ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, ხელი შეეწყოს ქვეპროგრამაში ჩართულ, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და შორეულ სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა ოჯახების სოციალურ გაძლიერებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შეიმუშაონ და წარმართონ კოორდინირებული პოლიტიკა მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის სფეროში და შეასრულონ სპეციალურ ანგარიშებში გაწერილი რეკომენდაციები.

სპეციალური ანგარიში რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის შესახებ

სპეციალური ანგარიში მინდობით აღზრდის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის შესახებ

18.07.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)