სოციალური და ეკონომიკური უფლებების კოლაბორაციული პლატფორმის მოწოდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისადმი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უერთდება სოციალური და ეკონომიკური უფლებების კოლაბორაციული პლატფორმის (COE-FRA-ENNHRI-EQUINET) განცხადებას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს - დაადასტურონ სრული ერთგულება ევროპის სოციალური ქარტიის სისტემით გარანტირებული სოციალური უფლებების დაცვისა და განხორციელების მიმართ.
განცხადება ხაზს უსვამს ყველა ადამიანის კეთილდღეობის და ღირსების დასაცავად სოციალური უფლებების მნიშვნელობას და ამ უფლებების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის განახლებული ძალისხმევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, მით უფრო, მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებლის უფლებასა და სიღარიბისა და სოციალური გარიყულობისგან დაცვის უფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აუცილებელია სხვა უფლებებით სარგებლობისთვის და ადამიანებისა და მათი ოჯახების საერთო კეთილდღეობისთვის.
ასევე, მოუწოდებს მთავრობებს, უზრუნველყონ კოლექტიური საჩივრების პროცედურის, როგორც კარგი მმართველობის ეფექტური მექანიზმის მიღება, და გააძლიერონ დიალოგი და თანამშრომლობა, როგორც ქარტიის ორგანოებსა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ისევე ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, თანასწორობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.
პლატფორმაში, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატია, გაერთიანებულია ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის ინსტიტუციები.
განცხადება ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ 2023 წლის მაისში მიღებული რეიკიავიკის დეკლარაციის საფუძველზე მიიღეს, 2024 წლის 1 ივლისს გამართულ პლატფორმის 14-ე შეხვედრაზე და განკუთვნილია ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ მაღალი დონის კონფერენციისთვის, რომელიც 4 ივლისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, ლიეტუვის ეგიდით, ვილნიუსში გაიმართება.