სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს აკადემიურ წრეებთან
2017 წლის 6 ოქტომბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (International Criminal Court - ICC) წარმომადგენელთა შეხვედრა და საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრის ძირითად მიზანი იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფუნქციონირებისა და საქმიანობების შესახებ აკადემიური წრეების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უძღვებოდა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ მორის შალიკაშვილმა, ასევე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა. საჯარო ლექციაზე ICC-ის რეგისტრატორმა ჰერმან ფონ ჰებელმა საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა; ICC-ის დაზარალებულთა დახმარების ფონდის საქმიანობები მიმოიხილა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ დე ბაანმა.
ლექციაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა აუდიტორიას ორგანიზაციის ფუნქციონირების თავისებურებები და სასამართლოს საქმიანობის შესახებ უკანასკნელი სიახლეები გააცნეს. ICC-ის პროკურატურის ოფისის იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ფაკისო მოჩოჩოკომ და დაზარალებულთა დახმარების ფონდის წარმომადგენელმა ალმა ტასო დელიკოვიჩმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს.
კითხვა-პასუხის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ეტაპზეა რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების პროცესი, ასევე განიხილეს რომის წესდების (სტატუტის) არაწევრი ქვეყნების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხი, ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის თანამშრომლობის პრობლემატური ასპექტები, ICC-ის დაზარალებულთა დახმარების ფონდის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესაძლებლობები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მსხვერპლთა დაცვის კუთხით და სხვა საკითხები.
შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა გამოთქვა მზადყოფნა სამომავლოდ მსგავსი შეხვედრების მხარდაჭერისა და ზოგადად ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის თაობაზე.