შსს დროებითი განთავსების ცენტრის მონიტორინგის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2023 წლის 21 ივლისს პრევენციული ვიზიტი განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, დამატებითი ვიზიტები 18 სექტემბერს და 7 დეკემბერსაც განხორციელდა.
მომზადებული ანგარიში გასაცნობად და მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნა შსს მიგრაციის დეპარტამენტს. აღსანიშნავია, რომ პრევენციული ვიზიტების შემდგომ დროებითი განთავსების ცენტრში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რაც ასევე ასახულია წინამდებარე ანგარიშში.
სახალხო დამცველი მიესალმება, რომ გრძელდება კონსტრუქციული და მაღალი ხარისხის თანამშრომლობა შსს მიგრაციის დეპარტამენტთან, როგორც ინფორმაციის გაზიარების, ასევე რიგი რეკომენდაციების შესრულების მზაობის კუთხით. თუმცა, მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დროულ გადაჭრას საჭიროებს. ასე მაგალითად, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომები პრაქტიკაში არ გამოიყენება და სახელმწიფო პოლიტიკა არ არის მიმართული ცენტრში განთავსების ხანგრძლივობის მაქსიმალურად შემცირებაზე.
მოთავსებული პირებისთვის ყოველთვის არ არის უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურება, რაც ართულებს როგორც პერსონალთან კომუნიკაციას, ასევე, სამედიცინო მომსახურების მიღებას.
ორგანიზებული საზრისიანი აქტივობების არარსებობის ფონზე, გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალებებზე წვდომისთვის მცირე დროა გამოყოფილი. ორგანიზებული აქტივობები არ არის შეთავაზებული არც არასრულწლოვნებისათვის.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვების დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პრაქტიკის სრულ აღმოფხვრამდე, მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, სადაც არ არის თავისუფლების შეზღუდვის ადგილისთვის დამახასიათებელი დამთრგუნველი ატმოსფერო და შეთავაზებულია სათამაშოები, წიგნები და სხვა აქტივობები.