შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა
2015 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრა/სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი, მისი მოადგილეები, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები ესწრებოდნენ.
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები; კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიმდინარეობა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები.
საბჭო ერთხმად შეთანხმდა, რომ ერთი თვის ვადაში მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შერჩევა საბჭოს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში ჩაერთვებიან საბჭოს მოწვეული წევრები. პარალელურად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მიერ მომზადდება მონიტორინგის ჯგუფის დებულება, რომელიც დამტკიცებამდე გაეგზავნება საბჭოს მოწვეულ წევრებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით.
სხდომაზე ასევე დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით უახლოესი თვეების განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს კონვენციის რამდენიმე მუხლის იმპლემენტაციის მონიტორინგს.
საბჭოს შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2 თვის ვადაში, სადაც განიხილება კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობა. საბჭოს მოწვეულ წევრებს ეთხოვათ სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდონ შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგით გასათვალისწინებელი მათთვის საინტერესო საკითხები.