ახალი ამბები

შრომით ურთიერთობაში ორსულობის გამო სავარაუდო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2021 წლის 19 მაისს დამსაქმებლის მხრიდან ორსულობის/სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.

სარჩელის მიხედვით, დამსაქმებელმა მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, მათ შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ის იყო ორსულად, რის შესახებაც ცნობილი იყო დამსაქმებლისთვის.

სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში მიმოხილულია ზოგადი სტანდარტები, მათ შორის, საერთაშორისო კვლევებით დადგენილ პრაქტიკები: კომპანიები დასაქმებულისთვის ორსულობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიცემას თავს არიდებენ ვადიანი ხელშეკრულების დისკრიმინაციულად არ გაგრძელებით ან სხვა ფორმალური მიზეზებით; დამსაქმებლები შესაბამისი ასაკის მქონე ქალებთან, კაცებისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში ვადიან ხელშეკრულებებს დებენ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა შრომითი ურთიერთობა, ერთმნიშვნელოვნად არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ შეაფასოს:

  • რამ განაპირობა ვადიანი ხელშეკრულების გაფორმება
  • რამდენად ძირითადი ფუნქციები ჰქონდა გათავისუფლებულ დასაქმებულს
  • გათავისუფლებული პირის პოზიცია ან/და შესაბამისი ფუნქციები არის თუ არა შენარჩუნებული
  • როგორი უკუკავშირი ჰქონდა დამსაქმებელს გათავისუფლებულ პირთან მის მიერ სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულების თაობაზე
  • მთლიანობაში, რამდენად დასაბუთებულია, რომ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის საფუძველი არ არის გათავისუფლებული პირის სქესი

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)