შპს „კრედომ“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეასრულა
2016 წლის 20 ივნისს სახალხო დამცველს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოდან“ წერილობით შეატყობინეს, რომ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, განმცხადებელი აღადგინეს სამსახურში და გაუფორმეს უვადო შრომითი ხელშეკრულება განვადების ოფიცრის პოზიციაზე, რომლის შესრულებასაც ა.ა. დეკრეტული შვებულების გასვლის შემდეგ შეუდგება. ასევე, განმცხადებელს სრულად აუნაზღაურდა მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და განაცდური ხელფასი. ამასთან, შპს „კრედოს“ დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა განმცხადებლისთვის წერილობით გამოცხადებული გაფრთხილება.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან განმცხადებელმა შპს „კრედოს“ წერილში მითითებული ფაქტები დაადასტურა.
სახალხო დამცველი მიესალმება შპს „კრედოს“ მიერ რეკომენდაციის შესრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე ითანამშრომლოს კერძო სექტორთან.
* დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის რეკომენდაციით, შპს „კრედოს“ სახალხო დამცველმა 2016 წლის 18 მაისს მიმართა. საქმის თანახმად, კომპანიამ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ორსულობის მიზეზით, ქალბატონს შრომითი ურთიერთობა არ გაუგრძელდა.
სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში ასევე მიუთითებდა, რომ დისციპლინური ზომა, რომელიც განმცხადებელს დაეკისრა, იყო დაუსაბუთებელი და წარმოადგენდა მისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის ხელოვნურ საფუძველს.