ახალი ამბები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

14 ივნისის საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნება. ამ დღის მიზანი შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო უწყებებისთვის მათი ვალდებულებების კიდევ ერთხელ შეხსენებაა.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, სადაც თემის წარმომადგენლები და შშმ პირთა უფლებების აქტივისტები თავად საუბრობენ ძირითად სისტემურ გამომწვევებზე, მათ წინაშე მდგარ ყველაზე აქტუალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის მნიშვნელობაზე.


14 ივნისის ფოტო კამპანია

  • ამირან ბატატუნაშვილი

საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი

ჩვენი მშობლიური ენა ჟესტურია! ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აუცილებელია თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, საინფორმაციო ვაკუუმის გახსნა, დამოუკიდებლობა, ღირსეული ცხოვრება - ცხოვრება ბარიერების გარეშე.

  • გია ჯვარშეიშვილი

უფლებადამცველი

ადაპტაცია - დროებითი გამოსავალია და არა საუკეთესო გადაწყვეტა.

თანაბრად მისაწვდომი ფიზიკური გარემო - რეალური შესაძლებლობაა და არა მითი.

უნივერსალური დიზაინი - ყველასთვისაა და არა მხოლოდ შშმ ადამიანებისთვის.

უნივერსალური დიზაინი უალტერნატივო არჩევანია უკეთესი მომავლისთვის.

  • დავით ბიბილეიშვილი

უფლებადამცველი

ფიზიკური გარემოს, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის მიუწვდომლობა, დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური­ მხარდაჭერის სიმწირე და უახლესი აღჭურვილობის, დამხმარე საშუალებების ნაკლებობა, ხელს უშლის შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, საზოგადოებაში მათ ინკლუზიასა და საკუთარ ცხოვრებაზე სრული კონტროლის უზრუნველყოფას.

  • დათო ყვირილიანი

შშმ პირთა უფლებების აქტივისტი

ვარ, უსინათლო, 39 წლის. 31 წელია შეზღუდული შესაძლებლობით ვცხოვრობ. თეთრი ხელჯოხით 10 წელია ვსარგებლობ, მისი საშუალებით აღვიქვამ ფიზიკურ გარემოს და თავისუფლად ვორიენტირდები. თეთრი ხელჯოხის გარეშე გატარებულ წლებს ტყვეობას - გარემოს ტყვეობას ვადარებ“.

  • ესმა გუმბერიძე

უფლებადამცველი, სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი

გარემოს ნაკლები მისაწვდომობის მიუხედავად, უსინათლო პირებს შეგვიძლია ვისწავლოთ და ვიმოგზაუროთ ოჯახის წევრების დახმარების გარეშე. არ უნდა შევუშინდეთ, ვიყოთ პირველები ამა თუ იმ საქმეში. აქტივიზმი მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი, ისე ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად.

  • თათია დათაშვილი

ფონდი აურეს ახალგაზრდული ფრთის ლიდერი

მე სმენის აპარატსა და კოხლეარულ იმპლანტს მოვიხმარ. ინდივიდუალური საჭიროებების მეტად გათვალისწინება, მომსახურებების ადაპტირება, სუბტიტრების დანერგვა გაზრდის მისაწვდომობას და ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

  • თამარ იარაჯული

შშმ პირთა უფლებების დამცველი, აქტივისტი, შშმ ბავშვის მშობელი

ჩვენ ვიბადებით თანაბარი უფლებებით. სამწუხაროდ, გარკვეული დიაგნოზის დასმის შემდეგ, ხშირად ვხდებით დისკრიმინაციისა და სტიგმის მსხვერპლი. თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა! უნდა გვახსოვდეს, რომ აუტიზმი არც ფაზლია და არც დაავადება!

  • იკო იაკობიძე

შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, პარამოცეკვავე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ, კულტურულ, და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მეტად ძლიერი და მრავალფეროვანი საზოგადოება ავაშენოთ!

  • მარიკო კობახიძე

შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი

სამწუხაროდ, საზოგადოების ცნობიერება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლავ დაბალია, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოყენებულ არასწორ ტერმინებსა და სტერეოტიპულ ხედვებში. აღნიშნული ხელს უწყობს ჯგუფის სტიგმატიზაციას, ქმნის ბარიერებს და აფერხებს შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.

  • მაცაცო ხაჭაპურიძე

მრავლობითი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, შმ ქალთა ეროვნული ქსელის გამგეობის წევრი

ძლიერია მრავლობითი შეზღუდვის მქონე ადამიანების, განსაკუთრებით ქალების მიმართ სტიგმა. საზოგადოებაში ხშირად ვიწვევთ შეცოდებას, გაკვირვებას, გვესმის ნეგატიური მოსაზრებები. ამის შესაცვლელად აუცილებელია, როგორც გარემოს გაუმჯობესება, ისე დამხმარე საშუალებების გამრავალფეროვნება, რაც ხელს შეგვიწყობს ვიყოთ დამოუკიდებელი ადამიანები.

  • ნათია გოგოლაშვილი

შშმ პირთა უფლებების აქტივისტი

ინსტიტუცია, შშმ პირებისთვის ხელოვნურად შექმნილი კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ჩვენ ვარსებობთ და ჩვენთვის მიუწვდომელი გარემოც სახლის კარის ზღურბლის გადაბიჯებისთანავე იწყება. ე. ი. შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. შშმ ადამიანებისთვის „გმირობის“ ტვირთი ძნელი სატარებელია.

  • ნათია სახოკია

აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის გიგი სიჭინავას მშობელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სერვისები არასაკმარისია. ასევე, არაჯანსაღია დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვიწევს ბრძოლა ჩვენივე უფლებებისათვის! სახელმწიფო ვალდებულია სწრაფად და ხარისხიანად შექმნას ინკლუზიური გარემო ყველასათვის.

  • ოლღა კალინა

ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის თავმჯდომარე

«ფსიქიატრიული სფერო ერთადერთია სადაც სათანადო მხარდაჭერითი სერვისების სიმწირის გამო პრობლემური სიტუაციის მოგვარების უალტერნატივო გზად, ძალადობრივი მეთოდების გამოყენება რჩება. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ როგორც სხვებს. ძალადობა და დისკრიმინაცია დაუშვებელია!»

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)