შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში
2021 წლის 15 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო შეხვედრა გაიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე შშმ პირთა პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში განხორციელებულ ვიზიტებზე დაყრდნობით მომზადებული სპეციალური ანგარიშის მიგნებები წარმოადგინეს და თემატური მიმართულებებით დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
მონიტორინგი 2020 წელს ჩატარდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში და მასში შეფასებულია „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები,“ და ასევე, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაცვის ხარისხი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ჭრილში.
სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებები, მათი ზომიდან და რეჟიმიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ ოჯახურ პირობებთან მიახლოებული გარემოს მოთხოვნას. ინსტიტუციური აღზრდის წესი, ინკლუზიური ზრუნვისა და საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტი ინსტიტუციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს და ამცირებს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს.
დაწესებულებების ინფრასტრუქტურა რიგ შემთხვევებში მოუწესრიგებელია, პერსონალის სიმცირე კი ართულებს სანიტარიული ნორმების სათანადოდ დაცვას.
ზრუნვის პროცესზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებებში სათანადოდ არ ხორციელდება ძალადობის იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების ღონისძიებები. გარდა ამისა, არ მიმდინარეობს მუშაობა ანტიალკოჰოლური და ანტინარკოტიკული მიმართულებით. განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს რთული ქცევის მართვის საკითხებში კადრების მოუმზადებლობა.
გამოიკვეთა პრობლემები სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. მწვავედ დგას ბენეფიციართა დროული სტომატოლოგიური მკურნალობისა და ფსიქოსოციალური ინტერვენციების გაძლიერების საჭიროება.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ საჭიროა პანსიონატების კვების მენიუს გამრავალფეროვნება და გადაუდებელი წესით უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება.
მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა, რომ სერვისის მიმწოდებლებს არ აქვთ გაცნობიერებული კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების არსი. ხოლო, უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები არ განიხილება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებად. რის გამოც, მას პრაქტიკაში ფორმალური ხასიათი აქვს.
2020 წელს კორონავირუსის გავრცელების გამო, შეზღუდული იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რამაც ნეგატიურად იმოქმედა ბენეფიციართა სოციალური აქტიურობის ხელშეწყობაზე, მათ ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე.
სათანადოდ არ სრულდება „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები.“