შეხვედრა სტუდენტებთან ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე
2016 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე პროექტის „დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „პირველი მუხლი - ადამიანის უფლებებზე ზრუნვის სახლი“.
ეკატერინე სხილაძემ ახალგაზრდებს ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ანგარიში წარუდგინა; მიაწოდა ინფორმაცია ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ფემიციდი, ნაადრევი ქორწინება, გენდერის ნიშნით სქესის სელექცია, სუროგაცია; მიმოიხილა მთავარი რისკ-ჯგუფები, ძალადობის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევები და ხარვეზები.
ღონისძიება არაფორმალურ და თავისუფალ გარემოში გაიმართა, სადაც ახალგაზრდები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და ისმენდნენ მომხსენებლის კომენტარებს მათ მიერ წამოწეულ საკითხებზე.
პროექტი „დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე“ გულისხმობს შეხვედრებს ჩაიზე სტუდენტებისათვის მათი პროფესიული განათლების ამაღლების მიზნით.