ახალი ამბები

შეხვედრა სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან

2016 წლის 24–25 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატს სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სომხეთის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები გააცნეს; მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე სახალხო დამცველისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის საქმიანობა, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაციამ მოინახულა თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტი, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ლტოლვილთა უფლებების კუთხით სახალხო დამცველის აპარატის, კერძოდ, „სახალხო დამცველის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის საქმიანობითა და მომავალში მჭიდრო ურთიერთობების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრა გაიმართა სამხრეთ კავკასიის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისორგანიზებით და მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს სახალხო დამცველის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.


სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან შეხვედრა ლტოლვილთა, დევილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა საკითხებზე 24.11.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)