შეხვედრა საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის თემაზე
2016 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები სახელმწიფო უწყებების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღებასა და საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების ჩართულობის საკითხები, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვა და არსებული მდგომარეობა განიხილეს.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დიალოგის მეშვეობით ინფორმაციული ხარვეზების ამოვსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავამ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში ეროვნულ უმცირესობათა უფრო ეფექტურად ჩასართავად სტერეოტიპებისა და დამოკიდებულებების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა; ქვეყნის განვითარებისათვის ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შეეხო თავის მისასალმებელ სიტყვაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომელმა კობა ჩოფლიანმა აღნიშნა, რომ ეროვნული უმცირესობები ჯეროვან დონეზე არ არიან ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და უშუალოდ ეროვნული უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართულ დისკუსიებში და ასევე მინიმალურად არიან ჩართული ამ საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩართულობის დაბალი ხარისხი ჩანს იმაშიც, რომ „არჩევნებში მონაწილე მხოლოდ 2 პარტიას აქვს თავის პროგრამაში მიზნობრივად ასახული ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, ე.წ. „გამსვლელ სიებშიც“ მხოლოდ ორ პარტიას ჰყავს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები დასახელებული.
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის წევრის ალი ბადიროვის აზრით, ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი ერთი მხრივ, სახელმწიფო ენის არცოდნაა, ხოლო მეორე მხრივ, ქართული ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდების წახალისების პოლიტიკის არარსებობა.
ახალქალაქის ორგანიზაციის „ღია საზღვრების“ წევრმა რიმა გარიბიანმა ბოლო პერიოდის პოზიტიურ ძვრებზე ისაუბრა, რაც წინასაარჩევნო შეხვედრებში ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებითაა განპირობებული, მან ასევე აღნიშნა, რომ ჯავახეთში ორი მაჟორიტარული ოლქიდან ერთი დარჩა, რაც ნეგატიურად აისახება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების ჩართულობაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივნისა და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლის ბელა ოსიპოვას აზრით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში დაბალი ჩართულობის გამოწვევი მიზეზებია: გენდერულ როლებზე ტრადიციული შეხედულებები, ადრეული ქორწინების შემთხვევები, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, რიგ შემთხვევებში ენის არცოდნა და ინფორმაციის არასათანადო ხელმისაწვდომობა. თუმცა მთავარ პრობლემად თვლის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ქალისა და მამაკაცის არათანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების და ქვეყნის პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში. ამის ფონზე ეთნიკური უმცირესობა ქალის ჩართულობა ორმაგ სირთულეებთან არის დაკავშირებული: როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და როგორც ქალი.
ცენტრალური სარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სოფიო სიჭინავამ 2015-2016 წლებში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა. კერძოდ, ცესკომ საარჩევნო პროცესში ჩართვის მნიშვნელობის საკითხებზე გადაამზადა რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; ცესკომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციით ასევე გადაამზადა საუბნო-საარჩევნო კომისიის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პოტენციური წევრები, სატელეფონო ცენტრში დაასაქმა სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თანამშრომლები და მაქსიმალურად უზრუნველყო ამ ინფორმაციის გავრცელება რეგიონებში.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრთა ნაწილის მოსაზრებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური სომეხებისა და აზერბაიჯანელების გარდა, აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სხვა უფრო მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობებიც.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მოსაზრებით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მთლიანობაში უფრო მნიშვნელოვნად უნდა იყონ წარმოდგენილი და ჩართული ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობებთან და ზოგადად სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გამართულ განხილვებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სხვადასხვა დონეზე და მათ შორის საარჩევნო სიებშიც. საბჭოს წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეროვნული უმცირესობების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე კარგად ფლობს ქართულს და შესაბამისად ეს მიზეზი არ შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის ხელისშემშლელ ფაქტორად.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.