ახალი ამბები

შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან

2015 წლის 3 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანთა რელიგიური უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას; განიხილეს განვლილი პერიოდის რელიგიური დაპირისპირების განსაკუთრებული ფაქტები და მათი გადაჭრის სავარაუდო გზები; ასევე, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში ასახული ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის აპარატსა და სააგენტოს შორის კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების აუცილებლობას და უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება გაღრმავდეს ისეთი თანამშრომლობა, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას და სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით.

3.08.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)