ახალი ამბები

შეხვედრა მოხესა და ჭელას მოსახლეობასთან

2016 წლის 7-8 დეკემბერს სახალხო დამცველი ადიგენის რაიონის სოფლების მოხესა და ჭელას, როგორც მუსლიმ ასევე მართლმადიდებელ ქრისტიან მოსახლეობას შეხვდა. ორი წლის წინ დაწყებული დავა მუსლიმებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის კვლავ გადაუჭრელი რჩება. მუსლიმი მოსახლეობის მტკიცებით მოხეს ცენტრში მდგომი შენობა ნაგებობა მეჩეთს წარმოადგენს და ისინი მზად არიან სალოცავი ბოლომდე დაიცვან, რასაც ქრისტიანი მართლმადიდებლები არ ეთანხმებიან.

„ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა – დადგინდეს შენობის წარმომავლობა, კონკრეტულად კი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ დასკვნა შენობის წარმომავლობასთან დაკავშირებით, სწორედ ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს შენობის წარმომავლობის საკითხი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

რეგიონში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე შეხვდა სამცხე–ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს. მხარის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მოხეს საკითხთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პრობლემებიც განიხილეს; ისაუბრეს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ხარვეზებზე, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების აშენება–რეაბილიტაციის საკითხებზე, სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიების სიმცირეზე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის მიწოდების საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე; აგრეთვე ეკომიგრანტების საჭიროებებზე და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე.

სახალხო დამცველმა მოხეს სადავო შენობის შესახებ ტაო-კლარჯეთის და სამცხე ჯავახეთის მიტროპილიტ მეუფე თეოდორესთან ისაუბრა.

7.12.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)