ახალი ამბები

შეხვედრა გაროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის სპეციალურ მომხსენებელთან

2016 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის სპეციალური მომხსენებელი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში, ქალბატონი მო დე ბო–ბუკიკიო ეწვია.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილესთან პაატა ბელთაძესთან და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელთან მაია გედევანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ბავშვის მიმართ ძალადობის, ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პროსტიტუციის საკითხებს.

პაატა ბელთაძემ სტუმარს გააცნო სახალხო დამცველის ხედვა ამ მიმართულებით, ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე – ე.წ. უჩინარ ბავშვებზე, რომელთა უმრავლესობაც არარეგისტრირებულია, რაც მათ მიმართ ყველა სახის ძალადობის, მათ შორის ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.

პრობლემურია ამ ბავშვებზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინაცია და მათი არასათანადო ინფორმირებულობა. 2015 წლის განმავლობაში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ 11–ჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. საყურადღებოა, რომ აღნიშნულიდან 2 შეტყობინება პროსტიტუციაში სავარაუდო ჩართვას შეეხებოდა, ხოლო რეაგირება მხოლოდ ერთზე მოხდა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საერთოდ რეაგირების გარეშე დარჩა ტრეფიკინგში სავარაუდო ჩართვის ერთი შეტყობინება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს იდენტიფიცირებული იქნა ორი არასრულწლოვნის მიმართ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა და ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ერთ საქმეზე.

საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დახვეწას საჭიროებს ასევე შვილად აყვანის წესი, რომლის მიხედვითაც, შვილად აყვანის მსურველი წლების მანძილზე ელის თავის რიგს.

მაია გედევანიშვილმა ისაუბრა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის და მის ფარგლებში მოქმედი დღის ცენტრების, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრებისა და ტრანზიტული ცენტრების, აგრეთვე, ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებადი მობილური ჯგუფების შესახებ, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ ბავშვებთან, მათი იდენტიფიცირებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა 2014 და 2015 წლებში განახორციელა აღნიშნული ქვეპროგრამის მონიტორინგი და საერთაშორისო მომხსენებელს გააცნო ბავშვთა პროსტიტუციის სავარაუდო ფაქტების იდენტიფიკაციის შემთხვევები.

ქალბატონმა მო დე ბო–ბუკიკიომ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვის ყველა სახის ექსპლუატაციისა და მის მიმართ ძალადობის შესაძლო, საყურადღებო სფეროებს ასევე წარმოადგენს ტურიზმი და ინტერნეტი, რომელთა დარეგულირება ბავშვთა საკითხებთან მიმართებაში პროგრესის საწინდარი იქნება პრობლემების დაძლევის მხრივ.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიწოდებული ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ მის ანგარიშში გათვალისწინებული იქნება მიწოდებული ინფორმაცია. თავის მხრივ, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ გაეროს მომხსენებლის საქართველოში ვიზიტი, აგრეთვე, მის შედეგად შემუშავებული ანგარიში და რეკომენდაციები კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფოს ძალისხმევა ბავშვის მიმართ ჩადენილი ყველა სახის არასათანადო მოპყრობის, ბავშვთა ტრეფიკინგის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების მიმართულებით.

15.04.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)