ახალი ამბები

შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე

2017 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.

შეხვედრის გახსნისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვას სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პერსპექტივების შესახებ. მათ შორის, დაფინანსების მეთოდოლოგიაში, კერძოდ ბავშვთა ფსიქიატრიული დახმარების კუთხით განსახორციელებელი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მახაშვილმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესის საექსპერტო შეფასების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს. მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კვლევის ანგარიშზე და შედეგები დაინტერესებული საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევები, მათ შორის სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების, ალტერნატიული სათემო სერვისების განვითარების საკითხები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ არსებული პრობლემის გადაჭრაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზაციის თემას; ასევე, დაწესებულებების გაერთიანებისა და მათი ოპტიმიზაციის პროცესს. მოისმინეს მოსაზრებები აღნიშნულ პროცესში დარგის წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვეს ინვესტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს.

ღონისძიება შეაჯამა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს მსგავსი ფორმატის შეხვედრების მხარდაჭერას, რაც შესაძლებელს გახდის სფეროში არსებული პრობლემების თანმიმდევრულ გადაჭრას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ახლო მომავალში გაიმართება.

17.05.17

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)