შეხვედრა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად, ე.წ. ფარული მიყურადების ტექნიკური შესაძლებლობა კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულის გამო, სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს ე.წ. მოსმენების მომწესრიგებელი ახალი კანონმდებლობის გამარტივებული წესით არაკონსტიტუციურად ცნობას.
გამარტივებული წესით საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს იმ შემთხვევაში განხილვას, თუ მოხდება მის მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ანალოგიური შინაარსის ნორმის მიღება და, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების დაძლევა.
საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე 2017 წლის 5 აპრილს შეხვდნენ მოძრაობა „ეს შენ გეხებაში“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც, თავის მხრივ, იგივე საკითხზე აპირებენ კონსტიტუციური სარჩელის შეტანას.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს გააჩნია დამოუკიდებელი კომპეტენცია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, როდესაც იგი, მისი აზრით, ეწინააღმდეგება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას გადაწყდა, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებლად გამოიყენებს ამ კომპეტენციას, თუმცა, ვინაიდან დავის საგანი ყველა შემთხვევაში იქნება საერთო, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გააერთიანებს ამ საქმეებს, მათი ერთობლივად განხილვის მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველი და მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.