ახალი ამბები

შეხვედრა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისართან

2016 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით მყოფ ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა. პაატა ბელთაძემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა 2015 წელს ეროვნული უმცირესობების ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესახებ. ასევე განიხილეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის საკითხები.

შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015–2020 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, გადაწყვეტილების პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის ხარისხი; მშობლიური ენის წავლების მდგომარეობა და მედიისა და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით არსებული პრობლემები; კულტურული იდენტობის შენარჩუნების საკითხები. ისაუბრეს ანტი დისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში, ეროვნული უმცირესობების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე და შესწავლილ საკითხებზე.

ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესმა კომისარმა დიდი ინტერესი გამოხატა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მუშაობის მიმართ და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მიმდინარე ინტენსიურ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ასტრიდ თორსი ასევე შეხვდა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს და უმცირესობათა წინაშე მდგარ პრობლემები მოისმინა. სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს დაეთმო.

13.04.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)