შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან
2016 წლის 27 ოქტომბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, სასამართლოს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვას.
უჩა ნანუაშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, სპეციალურ ანგარიშებზე, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა აკადემიასა და სხვადასხვა პროექტის შესახებ. სახალხო დამცველმა მადლიერება გამოხატა ბულგარეთის საელჩოს მიმართ, რადგან ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზედიზედ უკვე მესამე წელია ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ამჟამად მიმდინარე პროექტი „სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება კახეთის რეგიონში“. ელჩმა დესისლავა ივანოვამ საქართველოს ომბუდსმენის აპარატისადმი სრული მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.