შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელებთან
2017 წლის 22 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სკოტ ბასბისთან და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონულ დირექტორ კეტრინ ნიუკომბთან სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ მდგომარეობაზე, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში მდგარ გამოწვევებზე, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო რეფორმას მიმდინარეობას.
აშშ-ს სამთავრობო მოხელეები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში. ვიზიტის მიზანია 2016 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ დასახული მიზნების პროგრესის შეფასება და განხილვა.