შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე
2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.
16 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაგრძოს მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი უფლებების აღდგენისა და რესტიტუციის ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად, სახალხო დამცველის დამატებითი კითხვის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დევნილთა დაბრუნების შესახებ ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერ–ჯერობით პოლიტიზირებულია. დევნილთა სამინისტროს ფარგლებში მომუშავე კომისია ამ ეტაპზე წარუმატებლად მუშაობს, ვინაიდან არსებული კანონით, საკითხები სამმხრივ შეხვედრებზე უნდა განიხილებოდეს, სამმხრივ შეხვედრაში კი არ არის ჩართული ოსური მხარე, რომელმაც ვერ მოახერხა ჯგუფის წევრობის კანდიდატთა დასახელება.
ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აქტიურ მონაწილეობაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში; გასულ წელს ჟენევაში 4, ხოლო ერგნეთში 11 შეხვედრა გამართა. ორივე ფორმატის ფარგლებში ქართული მხარე ყოველთვის აყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, გამყოფ ხაზებზე ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის, განათლების, სოციალური დაცვისა და სხვა საკითხებს. 2016 წლის 5 თებერვალს ცხინვალის მიმართულებით უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით მუშაობა განახლდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 20 იანვარს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე წითელი ჯვრის ეგიდით სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილმა ვრცლად მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასულ წელებში განხორციელებული საქმიანობა. ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების, გატარებული ღონისძიებებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ.
მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე - ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა ყოველდღიურად მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით „ნაციონალური მოამბე“, აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსული ენებზე გადაიცემა; პირველი რადიოს ეთერით კი საინფორმაციო გამოშვებებს ქურთული ენაც ემატება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტი – საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „რეალური დრო“. ასევე, დოკუმენტური ფილმების სერია – „მრავალეთნიკური საქართველო“.
თუმცა, სახალხო დამცველმა არ გაიზიარა სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეფასებები და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, წლებია არ სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მწირი ფინანსური დახმარების გამო ეროვნული უმცირესობების ენაზე გამომავალი გაზეთები „გურჯისტანი“ და „ვრასტნი“ დაბალი ტირაჟით იბეჭდება; შეჩერებულია და არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ აღადგენს ეთერში გადაცემებს „ჩვენი ეზო“ და „ჩვენი საქართველო“, რომლებიც ეროვნული უმცირესობებისთვის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდა და მათი ინტეგრაციისაკენ იყო მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა საკმარისად არ არის მორგებული სახელმწიფო ენის სრულფასოვნად არმცოდნე საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებზე და შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები სიახლეებს ძირითადად, მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებიდან ეცნობიან.
ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ზედამხედველობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო მასალის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნას, ახალგაზრდა ამომრჩეველთათვის და ქალებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას; მართავს შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. აღნიშნა, რომ ზოგადად, გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების დაბალი მონაწილეობა პოლიტიკასა და საჯარო სამსახურში.
ეთნიკური უმცირესობებისათვის განხორციელდა საინფორმაციო კამპანია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ასევე მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე; გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება ეთნიკური უმცირესობების თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარების მიზნით.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის რეგიონებში გაგრძელდა გაზიფიკაციის, შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარეგანათების რეაბილიტაციის; სასკოლო, სპორტული ინფრასტრუქტურის შეკეთებას/განახლების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ განიხილა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობა. მათ შორის, სასმელი წყლის ჭაბურღილების რეაბილიტაცია–მშენებლობა, ტირიფონის არხის გაწმენდა, სათბობის მასალების მიწოდება, სასკოლო ბიბლიოთეკების განახლება, სკოლების კომპიუტერებითა და ინტერნეტ–ქსელით აღჭურვა.
ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად 23 სოფელში მოეწყო ამბულატორიები; რეგიონებს დაემატა ექიმები და ექთნები; სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებთ შეუძლიათ უფასოდ მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.
სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა დადგენისა და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით.