შეხვედრები ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
2023 წლის 10-11 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გვანცა დავითაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომელთან ანდრანიკ ბაღდასარიანთან ერთად, ახალციხეში შეხვედრები გამართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონალთან, სამართლის ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებთან და ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
აპარატის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან მიმდინარე დისკუსიისას, სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლების შესახებ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების გზები დასახეს. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდოლოგიურ საკითხებს, ადამიანის უფლებებთან თავსებადი ლიტერატურით სილაბუსების განახლების მნიშვნელობასა და ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საჭიროებასაც.
საჯარო მმართველობის, სამართლისა და პედაგოგიური ფაკულტეტების სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენებული სასწავლო მასალების შესახებ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს გაეცნენ.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სკოლაში დისკუსია გაიმართა ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან შეხვედრისას სკოლებში ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხი და პრაქტიკული გამოწვევები გაანალიზეს. მასწავლებლებმა დეტალურად ისაუბრეს გამოკვეთილ პრობლემატიკასა და მათი გადაჭრის გზებზე, ხაზი გაუსვეს პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის მნიშვნელობასაც.
23-25 მაისს ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა დავითაშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორებთან და მოწვეულ ლექტორებთან. შეხვედრაზე აკადემიური წრის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ეფექტურ მექანიზმებზეც იმსჯელეს.
გვანცა დავითაშვილი ასევე, შეხვდა რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, სადაც სახალხო დამცველის ჩართულობაზე ზოგადი განათლების საფეხურზე, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე იმსჯელეს. განიხილეს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების და სამომავლოდ მასწავლებლებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შექმნის საკითხიც.
შეხვედრები ჩატარდა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან, სადაც ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და ადამიანი უფლებათა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.